ნულანდი: უკრაინა უსაფრთხოდ ვერ იქნება, თუ ყირიმის დემილიტარიზება მაინც არ მოხდება
შეერთებული შტატები ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსეთის სამხედრო ობიექტებს ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს და მხარს უჭერს მათ დაბომბვას. ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა 16 თებერვალს, Carnegie Endowment-თან საუბრისას განაცხადა.
"ეს არის ლეგიტიმური სამიზნეები. უკრაინა მათ ურტყამს და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას", - თქვა მან.
ნულანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესკალაციაზე მიდის და მოკავშირეთა დახმარება უნდა აკმაყოფილებდეს ესკალაციის დონეს. მან აღნიშნა, რომ უკრაინას, "ყირიმის საკითხზე გადასვლამდე", სჭირდება ტერიტორიის დიდი ნაწილის დეოკუპაცია და კიევი ახლა ამაზეა ორიენტირებული.
"ჩვენი პოზიცია უცვლელია, რომ მათ უნდა გააკეთონ და აკეთებენ ყველაფერს, რომ დაიბრუნონ მთელი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის ძალაუფლებას ყირიმზე", - თქვა დიპლომატმა.
ნულანდმა განაცხადა, რომ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ პუტინმა ნახევარკუნძული "მასიურ სამხედრო ბაზად" გადააქცია, რომელსაც ახლა უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. მან ყურადღება გაამახვილა ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ყირიმელი თათრების დევნაზე.
"ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა რას გადაწყვეტენ უკრაინელები ყირიმთან დაკავშირებით, სად გადაწყვეტენ შეტევას და ასე შემდეგ, უკრაინა უსაფრთხო არ იქნება, თუ ყირიმის დემილიტარიზება მაინც არ მოხდება. ეს უნდა იყოს მდგრადი შეკავების ნაწილი. ამიტომ, მე არ ვიწინასწარმეტყველებ, სად გადაწყვეტენ უკრაინელები ბრძოლას ან როგორ გადაწყვეტენ ყირიმთან ურთიერთობას მოკლე, საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ყირიმს უკრაინად ვაღიარებთ. ყველამ, ვინც ყირიმზე საუბრობს, უნდა გაიგოს, რისთვის გამოიყენა იგი პუტინმა", - განაცხადა ნულანდმა.