NYT: პუტინმა სამხედრო მეთაურებს ხერსონიდან უკან დახევის უფლება არ მისცა

ვლადიმირ პუტინი უფრო მეტად მონაწილეობს უკრაინის ომის სტრატეგიულ დაგეგმვაში, მათ შორის გასულ კვირას მან არ მისცა სამხედროებს ხერსონიდან უკან დახევის ნებართვა. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს

ხერსონიდან უკან დახევის და გადაჯგუფების იდეა რუს სამხედროებს უკრაინის შეაიარაღებული ძალებისგან მზარდი წნეხის ფონზე გაუჩნდათ - მათი აზრით მდინარე დნეპრს გადაღმა გადასვლა რუსეთის არმიას საშუალებას მისცემდა ორგანიზებულად დაეხია უკან, გაემაგრებინა თავდაცვის ახალი ზღუდე და გადაერჩინა პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის დიდი ნაწილი. 

მიუხედავად ამისა, ვლადიმირ პუტინმა ჩათვალა, რომ ხარკოვთან განცდილი სამხედრო მარცხის შემდეგ, რუსეთის არმიის ხერსონიდან უკან დახევა უკრაინას ზედიზედ მეორე გამარჯვებას მისცემდა, რაც მიუღებლად მიიჩნია. 

აშშ-ს დაზვერვის სენსიტიურ მასალებს გაცნობილი მაღალჩინოსნები გამოცემასთან საუბარში ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინი სულ უფრო მეტად ერთვება სამხედრო დაგეგმარებაში და თავის გენერლებს მიუთითებს, რომ ბრძოლის ველზე სტრატეგიული გადაწყვეტილებები პირადად მან უნდა მიიღოს.

ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, პუტინის ამგვარმა ჩართულობამ მის უახლოეს გარემოცვაში გარკვეული დაძაბულობა წარმოქმნა. 

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პუტინის გადაწყვეტილებამ უარყოფითად იმოქმედა ხერსონში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილების მორალურ მდგომაროებაზე, რომლებიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია მოწყვეტილები არიან მომარაგების ხაზებს და რთულ პირობებში იმყოფებიან. 

გამოცემის რესპონდენტები ამბობენ, რომ ხერსონის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევები წარმატებულად მიმდინარეობს და უკრაინას აქვს მაღალი შანსი გაიმეოროს ხარკოვთან მიღწეული წარმატებები. 

 

მსგავსი სიახლეები