გერმანია ბირთვული ენერგიის წარმოების გახანგრძლივებას არ გეგმავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ბუნებრივი აირის დეფიციტის საფრთხის მიუხედავად, სამართლიანად არ მიიჩნევს ქვეყანაში ატომური ენერგიის შემცირების პროტესტს. ამის შესახებ ოთხშაბათს, 13 ივლისს, გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრეიტმა განაცხადა.

მთავარი ოპოზიციური პარტიის, ქრისტიან-დემოკრატების კავშირის (CDU/CSU) და სამთავრობო კოალიციის პარტნიორების თავისუფალი დემოკრატების (FDP) ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, შოლცი ბირთვულ ენერგიასთან დაბრუნებას არ გეგმავს.

გერმანიაში ატომური ენერგიის მომხრეები შეშფოთებული არიან რუსული გაზის არასტაბილურობით, რასაც უკრაინაში მათი აგრესია კიდევ უფრო ამძაფრებს. ასევე Nord Stream 1 გაზსადენის დროებით გათიშვის გამო.

ბუნდესტაგში FDP-ს ფრაქციის თავმჯდომარე კრისტიან დიურმა განაცხადა, რომ გერმანიას "მკაცრი ზამთარი" ემუქრება და ასეთ ვითარებაში "ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ", მათ შორის ატომური ელექტროსადგურები, რათა არ დაიხარჯოს არც ერთი "დამატებითი კუბური მეტრი გაზი".

თავის მხრივ, მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) თანათავმჯდომარე სასკია ესკენი ატომური ელექტროსადგურების მუშაობის გახანგრძლივების მცდელობებს "აბსოლუტურად უაზროდ" მიიჩნევს.

გერმანიაში 3 ატომური ელექტროსადგურია, რომელთა მუშაობა წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ეს არის გრძელვადიანი გეგმის ბოლო ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვული ენერგიის ეტაპობრივად გათიშვას. გეგმა 2011 წელს იაპონიის ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ დამტკიცდა.

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სადგურების დახურვა აბსოლუტურად აუცილებელია და მათი გაუქმების გეგმა უკვე დაწყებულია. 2022 წლის დეკემბრის შემდეგ ამ ობიექტებში ტექნიკურად შეუძლებელი იქნება უსაფრთხოების ყველა პროტოკოლის დაცვა.

მსგავსი სიახლეები