ოლაფ შოლცი ჩინეთს ეწვევა და სი ძინფინგთან უკრაინის ომზე ისაუბრებს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 14 აპრილს ჩინეთში სამდღიან ვიზიტს დაიწყებს, რომლის ფარგლებშიც შეხვდება ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგს, რათა განიხილონ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და სხვა საკითხები.
ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ გებესტრეიტმა განაცხადა.
შოლცთან ერთად დელეგაციაში ფედერალური მთავრობის რამდენიმე მინისტრი და გერმანიის ინდუსტრიის წარმომადგენლები იქნებიან. კანცლერი ქალაქ ჩონცინგს ეწვევა და სიტყვით გამოვა შანხაის უნივერსიტეტში.
ვიზიტის დასასრულს, 16 აპრილს, გერმანიის კანცლერი ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს და სი ძინფინგს შეხვედრა. გარდა სავაჭრო საკითხებისა, მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომიც.
"ვფიქრობ, ჩინეთს რუსეთზე გავლენა აქვს და ჩვენ გვსურს, რომ ჩინეთმა შეძლოს გამოიყენოს ის გავლენა, რაც მას აქვს," - თქვა გებესტრეიტმა ორშაბათს ჩატარებულ ბრიფინგზე.
ეს შოლცის მეორე ვიზიტია ჩინეთში კანცლერად არჩევის შემდეგ.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა, რომელმაც ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტი დაასრულა, მანამდე თქვა, რომ მას იქ "მკაცრი საუბრები" ჰქონდა უკრაინისა და რუსეთის მიერ ჩინური კომპანიების მხარდაჭერის შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ევროკავშირისა და ნატოს კოლეგებთან კომუნიკაციისას განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს "შემაშფოთებელი მასშტაბით" ეხმარება აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების მიწოდებით.