ომის დაწყებიდან დონბასში უფრო მეტი მშვიდობიანი დაიღუპა, ვიდრე ბოლო 3 წელში

ომის დაწყების მომენტიდან ამ დრომდე, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებში უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთად. 

ეს განსაკუთრებით საინტერესოა, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკრაინაზე თავდასხმას კიევის მიერ "დონბასელი" ხალხისთვის მოწყობილ გენოციდს ასახელებს. 

სეპარატისტული დონეცკის ლიდერების ცნობით, ომის დაწყების შემდეგ ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიღუპა 69 მშვიდობიანი მოქალაქე. ე.წ. ლუჰანსკის რესპუბლიკის სეპარისტი ლიდერების ცნობით, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაიღუპა 12 ადამიანი.

ამგვარად, გამოდის რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ამ დრომდე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ დაღუპულია 81 მშვიდობიანი მოქალაქე. 

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, დონბასში ომის დაწყების მომენტიდან დაიღუპა 3 404 მშვიდობიანი მოქალაქე. მშვიდობიანი მოქალაქეების აბსოლიტური უმრავლესობა, დაახლოებით 90% 2014-2015 წლებზე მოდის. 

ხოლო მას შემდეგ, რაც 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩიეს დონბასის ტერიტორიაზე სულ დაღუპულია 78 მშვიდობიანი მოქალაქე. 

ამგვარად, რუსეთის პროპანდისტული მანქანის მიერ გამოგონილი დონბასელი ხალხის გენოციდის მტკიცებისგან არაფერი რჩება. განსაკუთრებით საინტერესოა უშუალოდ ამ ე.წ. რესპუბლიკების სახალხო დამცველების მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშები. 

ამ დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ მაგალითად ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2021 წლის განმავლობაში უკრაინული პოზიციებითან განხორციელებულ შეტევებს სულ 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 2020 წელს იგივე მაჩვენებელი 5 მშვიდობიანი მოქალაქე. 

ამავე სეპარატისტული უწყებების ანგარიშით ამ ტერიტორიაზე 40-ჯერ უფრო მეტი ადამიანი ემსხევრპლა ავტო-საგზაო შემთხვევებს, ვიდრე უკრაინელების მიერ მოწყობილ "გენოციდს".

მსგავსი სიახლეები