OPEC-მა ნავთობის მოპოვების მინიმალურ ზრდას დაუჭირა მხარი

OPEC+ მხარი დაუჭირა ნავთობის მოპოვების ზრდას, თუმცა მხოლოდ 100 ათასი ბარელით დღეში, რაც გლობალური ყოველდღიური ჯამური მოთხოვნის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. 

მოსალოდნელია, რომ ნავთობის ექსპორტიორი სახელმწიფო კარტელის გადაწყვეტილებით არ იქნებიან კმაყოფილები დასავლეთში, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის მოპოვების უფრო მასშტაბური ზრდის მიზნით აქტიურად მუშაობდნენ. 

მათ შორის ივნისში შედგა ჯო ბაიდენის ვიზიტი საუდის არაბეთში, კარტელის ყველაზე გავლენიან სახელმწიფო. საუდის არაბეთის დე-ფაქტო ლიდერს ცოტა ხნის წინ უმასპინძლა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ორივე შემთხვევაში ნავთობის მოპოვების ზრდა და სამომხმარებლო ფასებზე წნეხის შემცირება შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. 

სავარაუდოა, რომ ამგვარი მინიმალური ზრდა არ იქონიებს სერიოზულ გავლენას ნავთობის ფასებზე, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თავისი შეზღუდვები აქვს სანავთობო კარტელსაც.

საქმე ის არის, რომ კარტელის წევრ ბევრ სახელმწიფოს მოპოვების ზრდის რესურსი უბრალოდ არ აქვს და არაერთი მათგანისთვის არსებული ტემპების შენარჩუნებაც პრობლემურია. 

მათ შორის საუდის არაბეთი ამ დროისთვის ყოველდღიურად 11 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, მაქსიმალური სიმძლავრე კი დღეში 12 მილიონ ბარელს არ აღემატება. 

OPEC-ის გადაწყვეტილებას ბაზრების სკეპტიკური რეაქცია მოჰყვა და თავდაპირველად ნავთობის საერთაშორისო ფასები 100 დოლარიდან 104 დოლარამდე გაძვირდა, მაგრამ დღის 96 დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა. 

 

მსგავსი სიახლეები