ოსტინი: საქართველო სამხედრო შესაძლებლობებს უფრო მარტივად მოითხოვს და შეიძენს
საქართველო შეძლებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა.
მისი თქმით, საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა თავისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
ამერიკის თავდაცვის მდივნის თქმით, ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.
"საქართველო იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ნატოს მისიაში. ღრმად ვაფასებთ საქართველოს უდიდეს გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით. ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება. საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება, გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრძვის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ", – განაცხადა ოსტინმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს თავდაცვისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.