ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები 94%-ით ეფექტურია ჰოსპიტალიზაციის პრევენციაში
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინებმა 65 წლის ზემოთ ადამიანებში 94 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენეს.
კვლევა 14 შტატში იანვრიდან მარტის ჩათვლით ჩატარდა და მასში 417 ჰოსპიტალიზებული ადამიანი მონაწილეობდა.
დადგინდა, რომ ეს ვაქცინები მნიშვნელოვნად იცავს კორონავირუსის გართულებისგან და ჰოსპიტალიზაციისგან.
“ეს მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-ში მიმდინარე სწრაფი ვაქცინაციის ფონზე, Covid-19-ის გართულების შედეგად ჰოსპიტალიზების შემთხვევები მცირდება. ასევე შემცირებულია პოსტ-კოვიდური პრობლემები და გარდაცვალების შემთხვევები,” - ნათქვამია კვლევაში.
ორივე დოზით აცრილ ადამიანებში ვაქცინამ 94 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა, ხოლო ერთი დოზით აცრილებში - 64.
ამავე დროს, კვლევის თანახმად, პირველი დოზის შემდეგ კვლავ აუცილებელია სიფრთხილე - სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება, რადგან ერთი დოზა არ არის საკმარისი სრული იმუნიტეტის მისაღწევად და ინფიცირების საფრთხე კვლავ მაღალი რჩება.