პაკისტანი უკრაინას საბრძოლო მასალით ამარაგებს
პაკისტანი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში იარაღს აწვდის. 9 იანვარს ინდურმა The Economic Times-მა დაწერა, რომ უკრაინის არმია, საბრძოლო მასალის 159 კონტეინერი პაკისტანის საპორტო ქალაქ ყარაჩიდან გდანსკის პორტის გავლით მიიღო.
ამ საბრძოლო მასალას შორისაა მოხსენიებული 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები (ნატოს საერთო სტანდარტი. - რედ.), მათთვის საწვავი მუხტი, ასევე M82 საარტილერიო კაფსულები.
The Economic Times ასევე წერს, რომ ადრე პაკისტანი პირდაპირ არ აწვდიდა კიევს იარაღს, მაგრამ გასული წლის აგვისტოში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას რუმინეთის გავლით, პაკისტანის ნურ-ხანის ავიაბაზიდან მიღებული შეიარაღება გადასცა.
სანაცვლოდ, უკრაინა პაკისტანს Mi-17 შვეულმფრენების მოდერნიზებაში და T-80UD ტანკების შეკეთებაში დაეხმარება. პაკისტანი და უკრაინა დიდი ხნის პარტნიორები არიან: 1991-2020 წლებში მათ ჯამში 1.6 მილიარდ დოლარის კონტრაქტებს მოაწერეს ხელი.
მანამდე Financial Times წერდა, რომ უკრაინის არმიაში შესაძლოა საბრძოლო მასალის დეფიციტი იყოს - უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად 4000-7000 საარტილერიო ჭურვს ისვრის. ამავდროულად, სტანდარტული 155 მმ-იანი ჰაუბიცის ერთი ჭურვი 800 დოლარი ღირს. ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტი რუსეთსაც აქვს და მის შევსებას ჩრდილოეთ კორეიდან ცდილობს.