პაკისტანის ახალი პრემიერი: ქაშმირის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება უალტერნატივოა

პაკისტანის ახალი პრემიერმინისტრი შაჰბაზ შარიფი აცხადებს, რომ ინდოეთთან ქაშმირის ტერიტორიული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება „შეუცვლელია“.

შარიფმა, რომელიც პაკისტანის პარლამენტმა მთავრობის თავმჯდომარედ 11 აპრილს აირჩია, ინდოეთის პრემიერს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და ბირთვულ მეზობელთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

შარიფის არჩევა მისი წინამორბედის, იმრან ხანის თანამდებობიდან გადაყენებას მოჰყვა, რომელსაც პაკისტანის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.

ისლამისტური ხედვებით გამორჩეული იმრან ხანი ინდოეთის მიმართ კონფრონტაციული რიტორიკით იყო ცნობილი და კავშირების გაბმას ნიუ-დელის სტრატეგიულ მეტოქესთან, პეკინთან ცდილობდა.

ჯამუს და ქაშმირის პროვინციის სახელით ცნობილი ტერიტორია ორ მეზობელს შორის დავის საგანს 1947 წლიდან წარმოადგენს.

ქაშმირის მცირე ზონას ჩინეთიც აკონტროლებს.

ინდოეთმა და პაკისტანმა, რომლებიც ბირთვული არსენალით არიან შეიარაღებული, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან სამი ბრძოლა გაიარეს (1948, 1965, 1971 წლებში) - მათ შორის ორი ქაშმირის გამო.

ქაშმირის ნახევარზე მეტს დღეს ინდოეთი აკონტროლებს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნარენდრა მოდის მთავრობამ ქაშმირს სპეციალური ავტონომიური სტატუსი გაუუქმა, რამაც პაკისტანის გაღიზიანება გამოიწვია.

შარიფის უფროსი ძმა, ნავაზი, რომელიც პაკისტანს ჯამში ცხრა წლის განმავლობაში მართავდა, ნიუ-დელის მიმართ ასევე დიპლომატიური რიტორიკით იყო ცნობილი.

 

მსგავსი სიახლეები