პარტნიორობის ახალი ერა - საფრანგეთის პრეზიდენტი ალჟირში ჩავიდა
28 აგვისტოს საფრანგეთის და ალჟირის პრეზიდენტებმა თანამშრომლობის პაქტს მოაწერეს ხელი, რომელიც ორ ქვეყანას შორის „განახლებულ პარტნიორობას“ აანონსებს.
ემანუელ მაკრონი ალჟირის დედაქალაქს სამდღიანი ვიზიტით სტუმრობს.
„საფრანგეთმა და ალჟირმა ახალი ერის წამოწყება განიზრახეს, რაც განახლებული პარტნიორობის საძირკვლად იქცევა“, - ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში.
ორმხრივი პაქტი ენერგეტიკის, მათ შორის გაზის და წყალბადის სფეროში, განათლებასა და სპორტში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ჩრდილოეთ აფრიკულმა ქვეყანამ ცოტა ხნის წინ 132-წლიანი ფრანგული მმართველობის დასრულების 60 წლისთავი აღნიშნა.
გასულ წელს ალჟირმა პარიზიდან ელჩი გამოიწვია, მას შემდეგ, რაც მაკრონმა ალჟირის მთავრობა „საფრანგეთის მიმართ სიძულვილის წაქეზებაში“ დაადანაშაულა.
უკრაინის ომის ფონზე ყოფილმა კოლონიამ ევროპისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა - ალჟირი აფრიკის ქვეყნებს შორის ბუნებრივი აირის უმსხვილესი ექსპორტიორია.