პენტაგონი: რუსეთის შეტევა შენელდა, ისინი ვერ დაწინაურდნენ ისე, როგორც სურდათ
პენტაგონში უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სადამსჯელო ომის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთი კვლავ აფართოებს შეტევის არეალს, მაგრამ ისინი გადააწყდნენ უფრო დიდ წინააღმდეგობას, ვიდრე ვლადიმირ პუტინი და მისი სამხედრო ხელმძღვანელები ელოდნენ.
"ადგილზე საგრძნობლად უფრო მეტი წინააღმდეგობაა, ვიდრე რუსები ელოდნენ. ჩვენ გვჯეროდა უკრაინელების სიტყვის, რომ ისინი იომებდნენ საკუთარი სამშობლოსთვის და იბრძვიან კიდეც", - ამბობს პენტაგონის მაღალჩინოსანი.
ამავდროულად, პენტაგონში ამბობენ, რომ რუსეთმა სწრაფი შეტევის უპირატესობა დაკარგა:
"ჯამურად რუსებმა დაკარგეს მომენტი, ისინი ვერ დაწინაურდნენ ისე და ვერ შევიდნენ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ისე შორს, როგორც ამას გეგმავდნენ."
აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინისთვის კარგი ნიშანი ის არის, რომ ჯერჯერობით რუსებმა ვერ დაიკავეს დიდი დასახლებული ცენტრები.
სწორედ ამ შედარებითი წარუმატებლობის ფონზე პენტაგონში ვარაუდობენ, რომ რუსეთი მომდევნო საათებში და დღეებში კიდევ უფრო გააორმაგებს ძალისხმევას. ამის მაგალითად კი მარიუპოლში მიმდინარე მძიმე ბრძოლები სახელდება, რომელშიც რუსეთმა ათასობით მედესანტე ჩართო.
ამავდროულად პენტაგონის გამოთვლებით რუსეთმა უკრაინაში უკვე შეიყვანა უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული ძალისა და ტექნიკის მესამედი. ამასთანავე ამბობენ, რომ რუსეთმა ჯერჯერობით ვერ მიაღწია ტოტალურ უპირატესობას საჰაერო სივრცეში.
პენტაგონის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები მეტნაკლებად ეფექტურია და სერიოზულ პრობლემებს უქმნის რუსეთის ავიაციას.