პესკოვი: არ ვიცით სად არის მედვედჩუკი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლმა არ იცის უკრაინელი პოლიტიკოსის და ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის ადგილსამყოფელი. ამის შესახებ "Интерфакс" იუწყება.
"მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია", - თქვა პესკოვმა კითხვაზე, ესაუბრა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკს.
კითხვაზე, იციან თუ არა კრემლში, სად იმყოფება უკრაინის მიერ ღალატში ბრალდებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, პესკოვმა უარყოფითად უპასუხა.
შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა დაადასტუროს ინფორმაცია, რომ მედვედჩუკის გაცვლა ნამდვილად მოხდა, პესკოვმა უპასუხა, რომ გაცვლის თემაზე ინფორმაციას არ იძლევა.
თურქული საინფორმაციო სააგენტო "Anadolu"-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სწორედ მის ქვეყანაში მოხდა მედვედჩუკის გაცვლა და ის უკვე გადაეცა რუსეთს.
"რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის პატიმართა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებული 200 ადამიანი თურქეთის სტუმრები არიან. მათ შორის იყო ერთი ადამიანი, რომლის ექსტრადიციასაც რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა და ის რუსეთს გადასცეს", - განაცხადა მან.
კონტექსტი
ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და პრო-რუსული პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ლიდერია. 2002-2005 წლებში ის პრეზიდენტ კუჩმას ადმინისტრაციის უფროსი იყო. სწორედ ამ პერიოდში დაუმეგობრდა უკრაინელი ოლიგარქი პუტინს, რომელიც მისი შვილის ნათლიაა.