პესკოვი ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის მშენებლობაზე: კომენტირება არ შემიძლია

კრემლი არ პასუხობს კითხვებს ყირიმიდან რუსული სამხედრო გემების ნოვოროსიისკის პორტში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ცნობებს და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ. 

"არა, არანაირად არ შემიძლია ამის კომენტირება. ბუნებრივია, ჩვენი სამხედრო დანაყოფების, გემების დისლოკაციის საკითხები თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა",- განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. 

Wall Street Journal-ის ცნობით, ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ზუსტი დარტყმების შემდეგ, რუსეთმა ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე გემი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანა. 

22 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობაზე სევასტოპოლში.

13 სექტემბერს სევასტოპოლის გემთსაშენი საწარმოს შენობაზე განხორციელებული დარტყმის დროს დაზიანდა შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი და წყალქვეშა ნავი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზა აშენდება - ამის შესახებ გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა. 

ბჟანიას თქმით, შესაბამის ხელშეკრულებას რუსეთთან ხელი უკვე მოეწერა. 

მსგავსი სიახლეები