პესკოვის თქმით, პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა
კრემლის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვის თანახმად, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა.
ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია გაავრცელა გამოცემებმა Reuters-მა და The Washington Post-მა.
WP-ის თანახმად, ტრამპმა მოუწოდა პუტინს, მიიღოს ზომები შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და ასევე შეახსენა, რომ აშშ-ის ჰყავს სამხედრო კონტინგენტი ევროპაში.
დმიტრი პესკოვის განცხადებით კი, ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ მცდარია.
"ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმ ინფორმაციის ხარისხისა, რომელიც ახლა ქვეყნდება, ზოგჯერ საკმაოდ პატივსაცემ გამოცემებშიც კი. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. ეს წმინდად გამოგონილი, ანუ მცდარი ინფორმაციაა" - განაცხადა პესკოვმა.
The Washington Post-ის თანახმად, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო ზარის შესახებ უკრაინული მხარეც იყო ინფორმირებული, თუმცა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, კიევი სატელეფონო საუბრის შესახებ გაფრთხილებული არ ყოფილა და, ამიტომ, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს არსებულ ინფორმაციას.