პოდოლიაკი: რუსებმა უნდა გაიგონ, რომ უკრაინა ცეცხლის ტერიტორიაა, აქ დაიწვებიან

უკრაინელი სამხედროების და ექსპერტების განცხადებები ხერსონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დაგეგმილი კონტრშეტევის შესახებ ოკუპანტებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ელემენტი იყო, მაშინ როცა უკრაინის სამხრეთის დეოკუპაცია უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა "BBC News Україна"-სთან გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ეს იყო ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია (IPSO) უდავოა, რომ დღეს ყველა საჯარო კომენტარი IPSO-ს ნაწილია. ჩვენ გვჭირდება რუსეთის არმიის დემორალიზება. მათ უნდა გაიგონ, რომ აქ ცეცხლის ტერიტორია ყოველთვის იქნება და ისინი აქ დაიწვებიან. ეს არის მთავარი", - აღნიშნავს პოდოლიაკი.

უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება, ის უბრალოდ არ ჰგავს რუსეთის სამხედრო თავდასხმებს, თქვა პოდოლიაკმა.

უკრაინა შემოქმედებითად იბრძვის, დასძინა მან.

"შემოქმედებითი ომი არის ლოჯისტიკაზე მაქსიმალური ზიანის მიყენება, არმიის სისხლისგან დაცლა. დარტყმა საწვავის საცავებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, ოპერატიულ-ტაქტიკურ შტაბებზე. კონტრშეტევა მუჰამედ ალის მსგავსად მუდმივად არის "პეპელასავით იფრინე და ფუტკარივით უკბინე". ჩვენ ამას ვაკეთებთ და ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ფანტასტიკური ტაქტიკაა", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა.

პოდოლიაკის თქმით, "შეუძლებელია წარმოვიდგინო", რომ ხერსონი დამპყრობლებთან დარჩება და ანტონოვსკის ხიდზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ უკრაინის მთავარი მიზანი ხერსონის გათავისუფლებაა.

მსგავსი სიახლეები