პოლონეთი: 1939 წლის ოკუპაციისთვის რუსეთისგან კომპენსაციას ვითხოვთ

ნაცისტური ოკუპაციისთვის გერმანიისგან კომპენსაციის მოთხოვნის შემდეგ, პოლონეთი მსგავსი პროცესის რუსეთთან დაწყებას აპირებს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარცინ პშიდაჩმა 1 მაისს, Financial Times-თან განაცხადა. 

მისი თქმით, პოლონეთს, რომელიც 1939 წელს ნაცისტური გერმანიისა და კომუნისტური სსრკ-ს შეთანხმებით გაიყო, ორი აგრესორისგან კომპენსაციის მოთხოვნის საკითხში განსხვავებული მიდგომა აქვს.

პშიდაჩმა აღნიშნა, რომ "ბერლინთან, შეგვიძლია დიალოგის დაწყება, მაგრამ პუტინთან - ეს სხვა ცივილიზაციაა."

ამასთან, პოლონური მხარე არ აპირებს მთლიანად თქვას უარი მოსკოვისთვის, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრისთვის, კომპენსაციის მოთხოვნაზე.

"როგორც კი გერმანიასთან წარმატებას მივაღწევთ, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ასეთი დისკუსიის დაწყება სხვა მჩაგვრელთან", - თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კონტექსტი

მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 6 მილიონი პოლონელი დაიღუპა, მათ შორის 3 მილიონი პოლონელი ებრაელი. პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა 1945 წლისთვის 84%-ით იყო განადგურებული.

1953 წელს პოლონეთის მაშინდელმა კომუნისტურმა მთავრობამ, სსრკ-ს ზეწოლის ქვეშ, უარი თქვა რეპარაციების მოთხოვნაზე.

2019 წელს პოლონეთმა გამოთვალა, რომ გერმანული რეპარაციების ოდენობა 1 ტრილიონ დოლარზე მეტი უნდა იყოს. 2022 წელს პოლონეთის ხელისუფლებამ დააზუსტა, რომ გერმანიამ 1.3 ტრილიონი ევროს რეპარაციები უნდა გადაიხადოს.

2022 წლის 14 სექტემბერს პოლონეთის სეიმმა გერმანიის მთავრობას მოუწოდა "უპირობოდ" აიღოს პოლიტიკური, ისტორიული, სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობა პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის ყველა შედეგზე.

2023 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ უარი თქვა პოლონეთისთვის მეორე მსოფლიო ომისთვის რეპარაციების გადახდის საკითხის განხილვაზე. პოლონეთმა განაცხადა, რომ გაეროს მიმართავს.

მსგავსი სიახლეები