პოლონეთი აშშ-სგან რვა Apache-ის ვერტმფრენს მიიღებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა პარასკევს, ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ვარშავა პირველ რვა Apache-ის ვერტმფრენს მიიღებს. ამის შესახებ RMF FM წერს.
ბლაშჩაკმა თქვა, რომ აშშ-ის არმია პოლონეთს პირველ რვა ვერტმფრენს თავისი მარაგებიდან მიაწვდის, პოლონელი მფრინავების წვრთნა რამდენიმე კვირაში დაიწყება და ვერტმფრენები სავარაუდოდ მომავალ წელს გაიგზავნება აღმოსავლეთ პოლონეთში.
"აშშ-ის არმია Apache-ის შვეულმფრენებს საკუთარი მარაგებიდან გვაწვდის, მანამდეც კი, სანამ 96 შვეულმფრენის შესყიდვის კონტრაქტს ხელს მოვაწერთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ამ გადაწყვეტილებისთვის მინისტრ ოსტინს მადლობას ვუხდი", - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
"რატომ არის Apache-ები მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ისინი კარგად მუშაობენ Abrams-ებთან ერთად, რადგან ისინი წავლენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, მე-18 მექანიზირებულ დივიზიაში, სახმელეთო ჯარების პირველ საავიაციო ბრიგადაში, რათა Abrams-ებთან ერთად უზრუნველყონ "ბრესტის კარიბჭის" დახურვა", - აღნიშნა მან.
პოლონეთმა შარშან გამოთქვა 96 AH-64 Apache-ის ვერტმფრენის შეძენის სურვილი. მათი შესაძლო მიწოდების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. პოლონეთის მიერ ვერტმფრენების შეძენას ჯერ კიდევ სჭირდება კონგრესისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობა.
გასულ თვეში კონგრესმა პოლონეთისთვის 800 Hellfire-ის რაკეტის მიყიდვა დაამტკიცა, რომელსა Apache იყენებს.