პოლონეთი რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე სანქციების დაწესებას ითხოვს
პოლონეთი ევროკავშირს მოუწოდებს რუსულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე სანქციები დააწესოს. ამის შესახებ ბრიუსელში ვარშავის წარმომადგენელმა შაბათს განაცხადა.
"ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს", - თქვა ანდჟეი სადოშმა, პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტი დააწესა, მაგრამ ისინი არ შეეხო სოფლის მეურნეობის პროდუქტებს.
ევროკავშირის დიპლომატები მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის განხილვას გეგმავენ.
სადოშმა რუსეთის სურსათის პროდუქტებზე უპრეცედენტო სანქციების დაწესება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ვარშავამ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვა დააწესა.
მისი თქმით, რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე სანქციების დაწესება მსოფლიოში შიმშილის პრობლემას არ შექმნის, რადგან უკრაინული მარცვლეულის დიდი მარაგები არსებობს.