პოლონეთის ახალმა მთავრობამ სახელმწიფო მედიების ხელმძღვანელები დაითხოვა
დონალდ ტუსკის პრო-ევროპულმა სამთავრობო კოალიციამ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, რადიოსა და ბეჭდვის სააგენტოს ხელმძღვანელები, ასევე სამეთვალყურეო საბჭოები დაითხოვა და ახალი მენეჯმენტი დაამტკიცა.
20 დეკემბერს პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა დონალდ ტუსკის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია მიიღეს, რომელიც მიზნად საზოგადოებრივ მაუწყებელ TVP-ში, პოლონურ რადიოსა და PAP-ის ახალი ამბების სააგენტოში „კანონიერი წესრიგის, ობიექტურობისა და სამართლიანობის“ აღდგენას ისახავს.
პრო-ევროპული სამთავრობო კოალიცია აცხადებს, რომ წინა ხელისუფლება სახელმწიფო მედია საშუალებებს აგრესიულ პროპაგანდისთვის იყენებდა, რაც „კანონისა და სამართლიანობის პარტიას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში წლების განმავლობაში ეხმარებოდა. დონალდ ტუსკის გუნდის მიზანი კი პოლონეთის სახელმწიფო მედიაში ობიექტურობისა და გამოხატვის თავისუფლების აღდგენაა.
ყოფილი მმართველი პოლიტიკური გაერთიანების, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლებმა დონალდ ტუსკის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა დაიკავებს და მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდეს, თუმცა აქციაში მონაწილეობა მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო.
კონტექსტი
საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში 15 ოქტომბერს ჩატარდა, რომელშიც ხმების უმრავლესობა, 35.4% (194 მანდატი) მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ „კანონმა და სამართალმა - PiS“ მოიპოვა. გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის ფორმირებისთვის პოლონეთის 460 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ 231 მანდატის ფლობაა საჭირო, „კანონმა და სამართალმა“ დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა.
„კანონი და სამართალი“ 2001 წელს ლეხ და იაროსლავ კაჩინსკების მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ბოლო 8 წელია პოლონეთის ხელისუფლების სათავეში იმყოფება. აღნიშნულ გაერთიანებას პოლონეთში კანონის უზენაესობის აღმოფხვრის, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლის, მედია დამოუკიდებლობის შეზღუდვის, ლგბტ+ თემის მიმართ დამოკიდებულების, დემოკრატიის პრინციპების ხელყოფის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ადამიანის უფლებების დარღვევის და ა.შ. და ა.შ. გამო, წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა, პირველ რიგში, თანაპარტიელებს მისცა, თუმცა, მატეუშ მორავიეცკიმ საპარლამენტო მანდატების მქონე სხვა პოლიტიკური პარტიები თანამშრომობის აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა და მთავრობის ფორმირების საშუალება „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერს და 2007-2014 წლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს მიეცა.
დონალდ ტუსკის კოალიციამ, რომელსაც ჯამში 248 მანდატი აქვს, მუშაობა 13 ნოემბერს - პოლონეთის პრეზიდენტის წინაშე ფიცის დადების შემდეგ დაიწყო.