პრიგოჟინი: ისინი, ვინც ჩვენი ბიჭები მოკლეს, დაისჯებიან, არ გაგვიწიოთ წინააღმდეგობა

ევგენი პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, რის შედეგადაც ათეულობით ვაგნერელი დაიღუპა. 

პრიგოჟინს არ დაუკონკრეტებია სარაკეტო დარტყმის ადგილი, თუმცა გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც, მისი თქმით, სარაკეტო დარტყმის მომენტია ასახული. 

ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, დღევანდელ დარტყმაზე პასუხისმგებლები დაისჯებიან და ვაგნერის დანაყოფები უკვე დაიძრნენ მათი დისლოკაციის წერტილებიდან. 

"ვაგნერის მეთაურთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება - ბოროტება, რომელიც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შევაჩეროთ. მათ ფეხებზე კიდიათ ჯარისკაცების სიცოცხლე, მათ დაავიწყდათ სიტყვა სამართლიანობა და ჩვენ ამ სიტყვას დავაბრუნებთ.

ისინი, ვინც დღეს ჩვენი ბიჭები გაანადგურეს, ისინი, ვინც ბევრი ათეული რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე მოსპეს, დაისჯებიან. ვთხოვ ყველას, არ გაგვიწიოთ წინააღმდეგობა, ყველას, ვინც შეეცდება გაგვიწიოს წინააღმდეგობა, საფრთხედ ჩავთვლით და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. მათ შორის გავანადგურებთ ჩვენს გზაზე აღმოჩენილ ნებისმიერ ბლოგ-პოსტს, ჩვენ თავზე აღმოჩენილ ნებისმიერ ავიაციას. ვთხოვ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ წამოეგონ პროვოკაციებს, დარჩნენ სახლებში და სასურველია ჩვენი მოძრაობის მარშრუტზე არ გამოვიდნენ ქუჩებში. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულებთ დაწყებულს, დავბრუნდებით ფრონტზე სამშობლოს დასაცავად. პრეზიდენტის ძალაუფლება, მთავრობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები გააგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ჩვენ გავერკვევით მათთან, ვინც ანადგურებს რუს ჯარისკაცებს და დავბრუნდებით ფრონტზე. შეიარაღებულ ძალებში აღდგება სამართლიანობა და ამის შემდეგ სამართლიანობა აღდგება მთელი რუსეთისთვის",- ამბობს პრიგოჟინი. 

მსგავსი სიახლეები