პრიგოჟინი: სამინისტრო ჭურვებს დაგვპირდა, კოორდინატორი სუროვიკინი იქნება

ჩვკ ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საბრძოლო მასალების აუცილებელი რაოდენობით მიწოდებას დაჰპირდა, ხოლო სამინისტროსთან ამ საკითხის კოორდინატორი, სერგეი სუროვიკინი იქნება. 

"ჩვენ გვაძლევენ სუროვიკინს როგორც ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს ყველა საკითხს საომარი მოქმედებებისას ვაგნერისა და თავდაცვის სამინისტროს ურთიერთქმედების კუთხით",- თქვა პრიგოჟინმა. 

კონტექსტი 

5 მაისს ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ვიდეო-მიმართვა ჩაწერა, რომელშიც დახოცილი ვაგნერელების ფონზე სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვს საარტილერიო ჭურვებს თხოვს. 

"აი ეს დახოცილები ჩვკ ვაგნერის ბიჭები არიან, რომლებიც დღეს მოკლეს, მათი სისხლი ჯერ კიდევ თბილია. ახლა კი მომისმინეთ ბ****ო! ესენი ვიღაცის მამები და ვიღაცის შვილები არიან. და იმ ბ****ს, რომლებიც ჩვენ არ გვაძლევენ საბრძოლო მასალას, მათ ძვლებს ჯოჯოხეთში შეხრავენ. ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-ით. შოიგუ, გერასიმოვ სად არის საბრძოლო მასალა. შეხედეთ ამ ცხედრებს თქვე ბ****ბო",- ამბობს პრიგოჟინი. 

ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა - გასული წლის მიწურულს, როდესაც პრიგოჟინი კვლავ წუწუნებდა საარტილერიო ჭურვების უკმარისობა, მან მსგავსი ვიდეო ჩაწერა, ასევე დახოცილი ვაგნერელების ფონზე. 

პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება უკვე მრავალი თვეა, ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელი საბრძოლო მასალების დეფიციტის შესახებ გასულ თვეებში იტყობინებოდა და სხვადასხვა ტიპის მუქარებს ავრცელებდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტში მათ შორის საუბარი იყო ჩვკ ვაგნერს და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებულ კონფლიქტზეც. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, პრობლემის გადაწყვეტას უშუალოდ ვლადიმირ პუტინიც ეცადა და მიმდინარე წლის 22 თებერვალს მან კრემლში შოიგუ და პრიგოჟინი მოიწვია. 

ბოლო კვირებში პრიგოჟინის კრიტიკა თავდაცვის სამინისტროს მიმართ მკვეთრად შემცირდა, დასავლური სადაზვერვო უწყებების ცნობით, გაუმჯობესდა კოორდინაცია ვაგნერის ბოევიკებსა და რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფებს შორისაც. 

შესაძლოა პრიგოჟინის უკმაყოფილება თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიხაილ მიზინცევის გადაყენებამ გამოიწვია - მიხაილ მიზინცევი ზურგის მომარაგებაზე პასუხისმგებელი მოადგილე იყო. არსებული ცნობებით, მას კარგი ურთიერთობები ჰქონდა ევგენი პრიგოჟინთან. 

გასულ შაბათს ერთ-ერთ Z-ბლოგერთან ინტერვიუში პრიგოჟინმა განაცხადა, რომ თუ კი პრობლემა დროულად არ მოგვარდებოდა ჩვკ ვაგნერის ნაწილები ბახმუტიდან გავიდოდნენ. 

საბრძოლო მასალის შექმნილი დეფიციტისა და გაუმართლებელი სანიტარული დანაკარგების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კრიტიკული მაქსიმალური ვადა დღევანდელი დღეა",- ამბობდა პრიგოჟინი. 

მსგავსი სიახლეები