პრიგოჟინის თქმით, Газпром-მა საკუთარი სამხედრო კომპანია შექმნა

ჩვკ ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიამ Газпром-მა საკუთარი კერძო სამხედრო კომპანია შექმნა და ის უკრაინის წინააღმდეგ საომრად გაგზავნა. 

ამის შესახებ პრიგოჟინმა საკუთარ მედია რესურსთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხალ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის ფარგლებში Газпром-ის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას დაცვის კერძო სამსახურის შექმნის უფლება მიეცა. 

განკარგულებაში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ შექმნილ სტრუქტურას უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართავდნენ. მიშუსტინის განკარგულებაში ნათქვამი იყო, რომ "სამსახური საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტების დასაცავად იქმნებოდა."

უკრაინის დაზვერვის სამმართველო მალევე გამოეხმაურა Газпром-ის გეგმებს და განაცხადეს, რომ სტრუქტურა სწორედ უკრაინის წინააღმდეგ იქმნებოდა. პრიგოჟინმა ეს დაადასტურა. 

პრიგოჟინის თქმით, ახალ ჩვკ-ს Поток (ნაკადი) ჰქვია. ამგვარად, მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, რომლის აქციებიც საფონდო ბირჟებზე ივაჭრება შექმნა კერძო სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც დანაშაულებრივ ომში მონაწილეობს. 

პრიგოჟინის თქმით, Поток-ის ბოევიკები ხშირად ჩივიან ცუდ კავშირგაბმულობაზე და არასაკმარის შეიარაღებაზე. მათი ნაწილი ამბობს, ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი ომში მონაწილეობს შესახებ. ბოევიკების თქმით, მათ იცოდნენ, რომ ოკუპირებულ ლუჰანსკის ოლქში ქარხნების ტერიტორია უნდა დაეცვათ. 

პრიგოჟინის თქმით, რუს ოლიგარქებში "მოდური" გახდა კერძო სამხედრო კომპანიების შექმნა. რუსეთის ექსპერტები კერძო სამხედრო კომპანიებს მომრავლებას რუს ოლიგარქებში გავრცელებულ შიშს უკავშირებს - მათ აშინებთ პრიგოჟინის გავლენა, ისინი ცდილობენ ამ მეთოდით საკუთარი ძალოვანი რესურსი შექმნან, რაც მომავალში ძალაუფლების გადანაწილებისთვის დაწყებულ ბრძოლაში გამოადგებათ. 

კიდევ ერთ მაგალითად პრიგოჟინი მილიარდელ ანდრეი ბოკარევს ასახელებს, რომელმაც ასევე საკუთარი ჩვკ შექმნა. 

კონტექსტი 

რუსეთში ძალაუფლების არსებული სტრუქტურის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ საკუთარი ჩვკ უკვე აქვთ ან მალე შექმნიან სხვა მსხვილი სახელმწიფო კომპანიებიც, რომლებსაც პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრები მართავენ. ნაგულისხმევია კომპანიები როგორიცაა: Роснефть, Ростех, Транснефть და ა.შ. 

უკრაინასთან რუსეთის ომი გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად მორჩება, თუმცა როგორც ჩანს რუსეთის შიგნით დაწყებული დაპირისპირება არ იქნება ნაკლებად სისხლიანი. 

მსგავსი სიახლეები