პრიგოჟინმა უდაბნოდან ვიდეო ჩაწერა: მისი თქმით, ის აფრიკაშია

რუსული ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ვიდეომიმართვა ჩაწერა. ის აცხადებს, რომ აფრიკაშია და აფრიკელ ხალხებში "სამართლიანობისა და ბედნიერებისთვის" იბრძვის.

მისი ვიდეომიმართვა ტელეგრამის არხზე Разгрузка Вагнера-ზე გამოქვეყნდა.

პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ ჰაერის ტემპერატურა იქ, სადაც იმყოფება, 50 ცელსიუსზე მეტია.

"ყველაფერი ისეა, როგორც გვიყვარს. ვაგნერი ატარებს სადაზვერვო და სამძებრო ოპერაციებს. რუსეთს კიდევ უფრო დიდს ხდის ყველა კონტინენტზე და აფრიკას კიდევ უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება აფრიკელი ხალხებისთვის. კოშმარს მოვუწყობთ ისლამურ სახელმწიფოს, ალ-კაიდას და სხვებს." - განაცხადა დაჯგუფების დამფუძნებელმა.

ვაგნერის დაჯგუფება უკრაინაში იბრძოდა, ძირითადად ბახმუტის ფრონზე, მაგრამ გაზაფხულის ბოლოს ისინი საველე ბანაკებში დაბრუნდნენ.

24 ივნისს, ვაგნერმა შეიარაღებული აჯანყება დაიწყო რუსეთის სამხედრო სარდლობასთან კონფლიქტის გამო, მაგრამ იმავე დღის საღამოს, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან საუბრის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი დაქირავებული მებრძოლები საველე ბანაკებში ბრუნდებოდნენ. რუსეთში პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიხურა, მისი მებრძოლები კი ბელორუსში გადავიდნენ.

მსგავსი სიახლეები