პრიგოჟინმა აღიარა, რომ "ტროლების ქარხანა" შექმნა

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის"  დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა პირველად აღიარა საჯაროდ, რომ მან "ინტერნეტის კვლევის სააგენტო", ანუ "ტროლების ფაბრიკა" შექმნა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში მართავდა.

"მე არასოდეს ვყოფილვარ ინტერნეტის კვლევის სააგენტოს უბრალო ფინანსისტი. მე გამოვიგონე, შევქმენი და ვმართავდი დიდი ხნის განმავლობაში," - პრიგოჟინმა ასე უპასუხა გერმანული ყოველკვირეული გაზეთის, Der Spiegel-ის ჟურნალისტების შეკითხვას.

ევგენი პრიგოჟინის პასუხი 14 თებერვალს მისმა პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

მან ასევე განაცხადა, რომ ინტერნეტის კვლევის სააგენტო, დასავლეთის ანტირუსული ნარატივებისგან დასაცავად შექმნა. 

ევგენი პრიგოჟინს, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის მიერ სანქცირებულია, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახები დამატებითი ინფორმაციის მოწოდების სანაცვლოდ, ჯილდოდ 10 მილიონ დოლარამდე დააწესა. 

პრიგოჟინი ადრე აცხადებდა, რომ "ტროლების ქარხანასთან" ან ამერიკის არჩევნებში ჩარევასთან მას საერთო არაფერი ჰქონია. 

მსგავსი სიახლეები