პრიგოჟინმა თქვა, რომ ბახმუტში პოზიციებს კადიროველებს გადასცემს

"ვაგნერის" ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, ბახმუტში თავისი ბოევიკების პოზიციებს რამზან კადიროვის მებრძოლებს გადასცემს.

ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური წერს

"მადლობას ვუხდი რამზან ახმატის ძეს, რომ დამეთანხმა, დიდი ალბათობით, ჰქონდა შესაძლებლობა მოეპოვებინა ყველა საჭირო რესურსი და დამდგარიყო ბახმუტში ჩვენს პოზიციებზე.

მე უკვე ვუკავშირდები მის წარმომადგენლებს, რათა სასწრაფოდ დავიწყო პოზიციების გადაცემა და 10 მაისს, 00.00 საათზე, ზუსტად იმ მომენტში, როცა ჩვენი გათვლებით, სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს, თანამებრძოლებმა დაიკავონ ჩვენი ადგილი და გააგრძელონ შეტევა ბახმუტის დასახლებაში." - აცხადებს პრიგოჟინი.

მისი თქმით, სავარაუდოდ ბახმუტში, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ, "ორ კვადრატულ კილომეტრზე ცოტა მეტი" დარჩა.

კონტექსტი

6 მაისს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მზადაა, "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები, რომლებსაც სავარაუდოდ ბახმუტის დატოვება სურთ, ჩეჩნებით ჩაანაცვლოს.  

კადიროვმა ევგენი პრიგოჟინს, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს მიმართა და მათ შერიგებისკენ მოუწოდა.

მან განაცხადა, რომ "უსიამოვნოა პრიგოჟინის განცხადებების მოსმენა" და "ორმაგად უსიამოვნოა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა არ აკეთებს კომენტარს ან არ ხვდება "ვაგნერის" ხელმძღვანელობას."

 

5 მაისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი" ბახმუტს 10 მაისს დატოვებს, რისი მიზეზიც საარტილერიო ჭურვების დეფიციტია. 

მისი თქმით, "ვაგნერის" მებრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკებში გადავლენ.

მსგავსი სიახლეები