პუტინი ამ კვირაში საუდის არაბეთში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტს გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ კვირაში საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში "სამუშაო ვიზიტით" გაემგზავრება.
ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო ТАСС წერს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინი საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.
საუდის არაბეთში გამგზავრებამდე პუტინი ასევე "სამუშაო ვიზიტით" არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა, რომელიც ამჟამად გლობალურ COP28 კლიმატის სამიტს მასპინძლობს დუბაიში.
"იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან სასარგებლო მოლაპარაკებები, რასაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანად მივიჩნევთ," - აღნიშნა უშაკოვმა.
პუტინს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაპატიმრების საფრთხე ემუქრება. 2023 წლის გაზაფხულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გამოსცა. ამის შემდეგ, პუტინის საგარეო ვიზიტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, მაგრამ არც საუდის არაბეთს და არც არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ICC-ის დამფუძნებელი რომის სტატუტი რატიფიცირებული არ აქვთ.