პუტინი მეშვიდე ბრალდებული პრეზიდენტი გახდა - რა ბედია ეწიათ წინამორბედებს

ვლადიმირ პუტინი გახდა სახელმწიფოს მეშვიდე მეთაური, რომელსაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბრალი წაუყენა. 

დღეს ICC-მა ვლადიმირ პუტინის და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარის მარია ლვოვა-ბელოვა დაპატიმრების ორდერი გამოსცა, მათ ბრალი ედებათ სამხედრო დანაშაულებში, რაც უკრაინელი ბავშვების უკანონი დეპორტაციით გამოიხატება. 

საერთაშორისო სასამართლო საკმაოდ იშვიათად დებს ბრალს სახელმწიფოს მოქმედ მეთაურებს, ჯერჯერობით რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოს ბრალი არ დაუმტკიცებია. 2 ბრალდებული პრეზიდენტი გამართლდა, კიდევ 2 განაჩენის გამოტანამდე გარდაიცვალა და კიდევ 1 სასამართლოს გადაცემის პროცედურას გადის. 

რა ბედი ეწიათ პუტინის წინამორბედებს?

ლორან გბაბგო - კოტ-დ'ივუარი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარმდგარი პირველი პრეზიდენტი კოტ- დ'ივუარის ლიდერი გახდა. 2011 წლის მიწურულს ლორან გბაბგო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებში ამხილეს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2010-2011 წლებში ქვეყანაში განვითარებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს. 

8 წლის შემდეგ, 2019 წელს სასამართლომ გბაბგო გაამართლა. 

უჰურუ კენიატა - კენია 

კენიის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ 2007-2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს კაცობრიობის წინაშე დანაშაულებს ედავებოდა, მაგრამ 2014 წლის მიწურულს სასამართლომ კენიატას ბრალი მტკიცებულებების არარსებობის მიზეზით მოუხსნა. 

ომარ ალ-ბაშირი - სუდანი

უკვე მრავალი წელია სუდანის ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში შინა პატიმრობაში, სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ექსტრადიციის პროცედურებს გადის. ომარ ალ-ბაშირის დაპატიმრების ორდერი სასამართლომ 2010 წლის 12 ივლისს გამოსცა.  

ბაშირს ბრალი ედება დარფურის მოსახლეობის გენოციდის ორგანიზებაში. 

მუამარ ყადაფი - ლიბია

2011 წლის 27 ივნისს ჰააგის სასამართლომ ლიბიის დიქტატორის, მუამარ კადაფის დაპატიმრების ორდერი გასცა, მაგრამ მისი აღსრულება ვერ მოესწრო. იმავე წლის 20 ოქტომბერს ლიბიელმა აჯანყებულებმა მიმავალში მყოფ კადაფის მიაგნეს და ლინჩის წესით მოკლეს. 

ჩარლზ ტეილორი - ლიბერია

ჰააგის სასამართლოს მიერ გასამართლებული პირველი ლიდერი ჩარლზ ტეილორია - ლიბერიის ყოფილი ლიდერი. ტეილორი სიერა-ლეონეს საქმეზე შექმნილმა სპეციალურმა სასამართლომ გაასამართლა. სასამართლომ ტეილორი დამნაშავედ ცნო სამხედრო დანაშაულების ხელშოწყობასა და წახალისებაში. 

2012 წლის 30 მაისს სასამართლომ ტეილორი დამნაშავედ ცნო ბრალდების 11 მუხლში და მას 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტეილორი სასჯელს ინგლისში მდებარე ციხეში იხდის. 

სლობოდან მიშოვეჩი - სერბეთი 

სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ბრალი ედებოდა ბოსნიელებისა და კოსოვოლების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში, ჰააგაში გაეროს საპატიმროში შენობაში, განაჩენის გამოტანამდე გარდაიცვალა. 

მილოშევიჩს ასამართლებდა ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე შექმნილი სპეციალური ტრიბუნალი. 

 

მსგავსი სიახლეები