პუტინი ოქტომბერში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს - კრემლი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ვიზიტს ოქტომბერში გეგმავს, როდესაც ჩინეთი Belt and Road-ის ფორუმს უმასპინძლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს 25 ივლისს პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.
"ჩვენ მივიღეთ მოწვევა და ვაპირებთ ჩინეთში წასვლას," - განაცხადა უშაკოვმა.
პუტინის ვიზიტი ჩინეთში 12 ივლისს კრემლში გამოცხადდა. მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტი "დღის წესრიგშია," მაგრამ თარიღები ჯერ დადგენილი არ არის.
კონტექსტი
2000 წლის შემდეგ პუტინი ჩინეთს 17-ჯერ ეწვია (უკანასკნელი ვიზიტი იყო 2022 წლის 4 თებერვალს, პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე). პარალელურად, 2013 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სი ძინფინგი რვაჯერ ეწვია რუსეთს.
24 ივლისს Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც ჩინეთი რუსეთს დრონებს და სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობას აწვდის.
გამოცემა წერს, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით, დრონებით და თერმული კამერებით ვაჭრობა ხაზს უსვამს დასავლეთის სანქციების მოწყვლადობას, რადგან აღჭურვილობა ორმაგი დანიშნულების საქონლის ბუნდოვან კატეგორიას მიეკუთვნება.