პუტინი: რამდენიმე თვეში ბელორუსს Искандер-М-ებს გადავცემთ
რუსეთის ფედერაცია ბელორუსს რუსულ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას Искандер-М-ს გადასცემს. ამის შესახებ 25 ივნისს სანქტ-პეტერბურგში გამართულ მოლაპარაკებებზე ალექსანდრ ლუკაშენკოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აცნობა.
"როგორც შევთანხმდით, თქვენ დააყენეთ ეს საკითხი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება: უახლოეს თვეებში ბელორუსს გადავცემთ Искандер-М ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც, როგორც მოგეხსენებათ, შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ბალისტიკური, ასევე ფრთოსანი რაკეტები ჩვეულებრივი და ბირთვული ქობინებით", - განაცხადა პუტინმა.
კრემლის ხელმძღვანელმა ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს და გენერალური შტაბების უფროსებს ყველა დეტალის შემუშავება დაავალა.