აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის კიდევ ერთი ონლაინ-შეხვედრა შედგება

 

30 დეკემბერს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ონლაინ-შეხვედრა შედგება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენთან შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა. საუბარი უკრაინის საზღვართან რუსეთის მასშტაბური სამხედრო მობილიზაციის ფონზე გაიმართება.

„პრეზიდენტი ბაიდენი რეგიონში დაძაბულობის განსამუხტად დიპლომატიურ გზას ხედავს - თუ ამით პუტინიც არის დაინტერესებული“, - აცხადებენ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ბაიდენის და პუტინის საუბარი წინ უძღვის აშშ-სა და რუსეთს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების რაუნდს, რომელიც 10 იანვარსაა დაგეგმილი.

29 დეკემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან. მოსალოდნელი რუსული აგრესიის ფონზე უკრაინის მთავრობა ამერიკას მეტი სამხედრო დახმარების და შეიარაღების მიწოდებას სთხოვს.

 


ცოტა ხნის წინ, წინასაახალწლო პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს „უსაფრთხოების გარანტიების დაუყოვნებლივ გაცემა“ მოსთხოვა - წინააღმდეგ შემთხვევაში კი „საპასუხო ზომების“ მიღებით დაიმუქრა.

17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოთხოვნების ვრცელი სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კრემლი დასავლეთს ნატოს გაფართოებაზე უარის თქმას და, ფაქტობრივად, პოსტ-საბჭოთა სივრცის რუსეთის გავლენის სფეროდ დაკანონებას სთხოვს.

ვაშინგტონსა და ბრიუსელში აცხადებენ, რომ რუსეთის მოთხოვნები დასავლურ ღირებულებებთან „შეუთავსებელია“, თუმცა დიალოგს, როგორც ვითარების დეესკალაციას საშუალებას, მაინც განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები