პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა საგარეო ვაჭრობა იუანში დაიწყოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი მზადაა აზიის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებთან იუანში საგარეო ვაჭრობა დაიწყოს.

ამის შესახებ მან ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგს განუცხადა, წერს РБК.

ამჟამად იუანის წილი რუსეთის საექსპორტო ანგარიშსწორებაში დაახლოებით 16%-ია.

"ჩვენ ვემხრობით რუსეთსა და აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის ჩინური იუანის გამოყენებას. დარწმუნებული ვარ, რომ იუანში ანგარიშწორების ეს ფორმები განვითარდება რუს პარტნიორებსა და მათ კოლეგებს შორის მესამე ქვეყნებში", - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსულ-ჩინურ ვაჭრობაში ეროვნული ვალუტები უკვე აქტიურად გამოიყენება.

"მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ვალუტა უფრო მეტად გამოიყენება ორმხრივ ვაჭრობაში. ეს პრაქტიკა კიდევ უფრო უნდა წახალისდეს, ასევე გაფართოვდეს ფინანსური და საბანკო სტრუქტურების ორმხრივი წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნების ბაზრებზე", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ცნობით, 2022 წელს, იუანის წილი რუსეთში ექსპორტის გადახდებში 0.5%-დან 16%-მდე გაიზარდა, ხოლო რუბლის წილი - 12%-დან 34%-მდე. ეს რუსეთის უკრაინაში შემოჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ფონზე მოხდა.  

მსგავსი სიახლეები