პუტინის ვიზიტი ჩინეთში და შეხვედრა სი ძინფინგთან - რას უნდა ველოდოთ

17 ოქტომბერს დაიწყო ვლადიმირ პუტინის 2-დღიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მიმდინარე წლის მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია დსთ-ს ფარგლებს მიღმა, 

რას წარმოადგენს კრემლისთვის ჩინეთი ომის დროს 

არა მოკავშირეები, მაგრამ 'სტრატეგიული პარტნიორები', ორივე ქვეყანა დასავლეთთან კონფრონტაციაშია, თუმცა კი განსხვავებული ინტენსივობის. ამასთანავე, პუტინი და სი ძინფინგი საჯარო გამოსვლებში გაურბიან სიტყვა "მოკავშირეს" და მათ ქვეყნებს შორის ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორობად ახასიათებენ. 

ამგვარი მოქნილი ფორმულირება ჩინეთს და რუსეთს საშუალებას აძლევს მხარი დაუჭირონ ერთმანეთს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებში. მაგალითად, ჩინეთი სოლიდარულია კრემლთან ნატოს პოლიტიკის დაგმობაში, ხოლო რუსეთი მხარს უჭერს სახალხო რესპუბლიკას ტაივანის საკითხში. 

ამავდროულად, მხარეებს აქვთ საშუალება იყვნენ უფრო მოქნილები იმ საკითხებში, რომლებშიც მათი პოზიციები ბოლომდე არ ემთხვევა. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი უკრაინაში მიმდინარე ომია. 


ჩინეთის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ოფიციალური პეკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და მხარეებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. ამასთანავე, ჩინეთი დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა. 

ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ პეკინმა კონფლიქტის დარეგულირების საკუთარი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა. 12-პუნქტიან გეგმა არ ითვალისწინებს რუსეთის ჯარების გაყვანას საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინული ტერიტორიებიდან და კომენტატორების აზრით ძალიან ზოგადია. 

მიუხედავად ამისა, წარმოდგენილი გეგმა საშუალებას აძლევს პეკინს მიმდინარე კონფლიქტში მედიატორის ფუნქციაც მოირგოს. მაგალითად ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ამ საკითხში მიიწვიეს უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ სამიტზე. 

ომის დაწყების შემდეგ ჩინეთის როლი და გავლენა გაიზარდა, მათ შორის უპირველესად იმის გამო, რომ პეკინს აქვს კრემლზე ზემოქმედების ბერკეტი - ბევრი კომენტატორი დასავლეთში მიიჩნევს, რომ სი ძინფინგს შეუძლია პუტინი შეაჩეროს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან. 

ჩინეთი როგორც რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და პარალელური იმპორტის წყარო 

გასულ 2022 წელს ჩინეთ-რუსეთის ჯამურმა სავაჭრო მოცულობამ რეკორდული 190 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის 3 კვარტალში ვაჭრობის მოცულობა კიდევ 29%-ით გაიზარდა. 

ჩინეთი რუსული ენერგომატარებლების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კლიენტია, მათ შორის ნავთობის, გაზის, ნახშირის. რუსეთი კი ჩინეთისგან ყიდულობს სატრანსპორტო საშუალებებს, სამრეწველო დანადგარებს, ელექტრონიკას, ტანსაცმელს და ფართე მოხმარების სხვა საქონელს. მაგალითად რუსეთში იმპორტირებული ახალი ავტომობილების 92% სწორედ ჩინეთზე მოდის. 

ჩინეთიდან ხდება, მათ შორის იმ პროდუქციის მიწოდება, რომელიც სანქციების რეჟიმის მიხედვით რუსეთში არ უნდა შედიოდეს, მათ შორისაა ორმაგი დანიშნულების ნაწარმი. 

რატომ გაემგზავრა ვლადიმირ პუტინი ჩინეთში

სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მიზანი ჩინეთის მიმართ ლოიალობის კიდევ ერთხელ გამოხატვაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი სანქციების რეჟიმს მკაცრ აღსრულებას დაიწყებს. ასეთ შემთხვევაში კრემლს მნიშვნელოვნად გაურთულდება უკრაინაში ომის გაგრძელება და ეკონომიკის მხარდაჭერა.

ვიზიტის კიდევ ერთი მიზანი მაღალი ალბათობით დასავლეთისთვის იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთის იზოლირების მცდელობები უშედეგოა. პუტინს სურს დასავლეთს დაანახოს, რომ მოსკოვს კვლავ ჰყავს ძლიერი მოკავშირეები. 

მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ თემით იქნება დატვირთული რუსული პროპაგანდა მიმდინარე კვირაში. ეს კრემლისთვის აქტუალურია, განსაკუთრებით მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. 

ვიზიტის კიდევ ერთი შესაძლო მიზანი მაღალი ალბათობით გაზსადენ Cила Сибири 2-ის მშენებლობის დაწყებაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევაა. პროექტის გატანას კრემლი რამდენიმე წელია აქტიურად ცდილობს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. 

ჩინეთში გაზის დამატებითი ექსპორტის საჭიროება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ევროკავშირმა უარი თქვა რუსული გაზის შესყიდვებზე. ჩინეთი არ ჩქარობს პროექტის დამტკიცებას - მაღალი ალბათობით რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდ ფასდაკლებას მიიღებს ჩინეთი მოსკოვისგან. 

მსგავსი სიახლეები