პუტინმა და ლუკაშენკამ რუსეთის და ბელარუსის „ინტეგრაციის პროგრამას“ მოაწერეს ხელი
4 ნოემბერს რუსეთის და ბელარუსის ლიდერებმა ხელი მოაწერეს 28 პუნქტიან „საკავშირო პროგრამას“, რომელიც მიზნად ისახავს ორი ქვეყნის „კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას“.
ე. წ. „საკავშირო სახელმწიფოს“ უზენაესი საბჭოს შეხვედრაზე - რაც ბელარუსის და რუსეთის თანამშრომლობის მთავარ ფორმატს წარმოადგენს - მხარეები საგადასახადო, სავაჭრო, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის სფეროებში საერთო პოლიტიკის და რეგულაციების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.
პუტინმა და ლუკაშენკამ აგრეთვე ხელი მოაწერეს რუსეთის და ბელარუსის საერთო სამხედრო დოქტრინას.
„ჩვენი მიზანია, წინ აღვუდგეთ მესამე მხარეების ნებისმიერ მცდელობას, ჩაერიონ ჩვენი ქვეყნების შიდა საქმეებში. რუსეთი, რასაკვირველია, გააგრძელებს მოძმე ბელარუსი ხალხის მხარდაჭერას“, - განაცხადა პუტინმა.
შეხვედრაზე არ უმსჯელიათ ორი ქვეყნის პოლიტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
მოსკოვმა და მინსკმა ე.წ. „საკავშირო სახელმწიფოს“ ხელშეკრულებას ხელი 1999 წელს მოაწერეს და მას შემდეგ ორი ქვეყნის მმართველი ორგანოების შერწყმაზე მუშაობენ.
განხორციელების შემთხვევაში, საკავშირო სახელმწიფო კონფედერაციული ერთეული იქნება რუსეთისა და ბელარუსის შემადგენლობით.
2020 წელს ბელარუსში გაყალბებული არჩევნების გამო დაწყებული სახალხო პროტესტის შემდეგ ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა კრემლს სულ უფრო მეტად დაუახლოვდა და რუსეთისგან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას იღებს.