პუტინს სჯერა, რომ ომის წაგების ფუფუნება არ აქვს - ინტერვიუ CIA-ს დირექტორთან
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის თქმით, უკრაინაში შექმნილ რთულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს გარემოება, რომ პუტინის აზრით ამ ომის წაგება მისთვის დასასრულის ტოლფასი იქნება.
ამ და სხვა საკითხებზე უილიამ ბერნსმა Financial Times-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
CIA-ის დირექტორის თქმით, საბრძოლო მოქმედებების არეალისა შემცირებისა და კიევის ირგვლივ ბრძოლების შეწყვეტის მიუხედავად, ომის მეორე ფაზა იმავენაირად სარისკო და საშიშია, თუ უფრო მეტად არა, ვიდრე ომის პირველი ფაზა.
"პუტინის წარმოდგენაში, მას არ აქვს ამ ომში წაგების ფუფუნება. აქედან გამომდინარე ფსონები საკმაოდ მაღალია. მე ვფიქრობ, პუტინი დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე ფსონების გაორმაგება მას პროგრესს მოუტანს",- თქვა ბილ ბერნსმა.
ამასთანავე ბერნსმა ბირთვული ომის საშიშროებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ დროისთვის CIA ვერ ხედავს ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის რუსეთის მზადყოფნის დაწყების პროცესს, თუმცა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ მიმართულებით რისკები მაინც არსებობს.
გარდა ამისა უილიამ ბერნსმა ისაუბრა ჩინეთის ხელმძღვანელობის პოზიციებზე მიმდინარე ომთან დაკავშირებთ. ბერნსის თქმით, ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი უკმაყოფილოა რუსეთის ომით უკრაინაში, რომელმაც აჩვენა ჩინეთისა და რუსეთის მეგობრობის ლიმიტები და ამავდროულად გაამყარა დასავლეთის კავშირი.
ბერნსის თქმით, კონფლიქტის პირველი კვირები ოფიციალური პეკინისთვის მოულოდნელად და ნაკლებად სასურველი სცენარით განვითარდა და ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახალხო რესპუბლიკის კალკულაციებზე ტაივანის საკითხის გადაჭრის კუთხით.
"ჩვენთვის გასაკვირია, რომ სი ძინფინგი მცირედით უკმაყოფილოა, იმ ზიანით რაც რუსეთთან და მის მიერ ჩადენილ სისასტიკეებთან ასოცირებამ შესაძლოა ჩინეთს მიაყენოს. ის ასევე, უკმაყოფილოა იმ ეკონომიკური ბუნდოვანებით და გამოწვევებით, რაც ამ ომის შედეგად წარმოიქმნა",- ამბობს ბერნსი.
CIA-ის დირექტორის თქმით, ჩინეთის ლიდერის მთავარი სწრაფვა ის იყო, რომ ვითარება პროგნოზირებადი და სტაბილური ყოფილიყო. ბერნსი ამბობს იმასაც, რომ ჩინეთში შფოთავენ დასავლეთის ხელახალ დაახლოებაზე. მისი თქმით, ჩინეთში ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს, რათა ეს გამოცდილება ტაივანის საკითხთან დაკავშირებით გამოიყენონ.
"არ მჯერა, რომ მომხდარმა სი ძინფინს გადააფიქრებინა - დროთა განმავლობაში კონტროლი დაამყარება, მაგრამ მომხდარი ნამდვილად შეცვლის მის კალკულაციებს",- თქვა ბერნსმა.
აშშ-ს მთავარი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთისთვის მთავარი სტრატეგიული საფრთხე მომდევნო წლებში სწორედ ჩინეთისგან მოდის, არ მოხდეს ვლადიმირ პუტინისგან მომავალი საფრთხის მასშტაბის დამცრობა.
"ისტორიული დაღმასვლის ფაზაში მყოფი სახელმწიფოები შესაძლოა ისეთივე საფრთხის მატარებლები იყვნენ, რამდენად ისტორიულად აღმასვლის ფაზაში მყოფი ქვეყნები".