ქაბულში რუსეთის საელჩოსთან ტერაქტისას მოკლულია საელჩოს 2 თანამშრომელი
ქაბულში რუსეთის საელჩოს შენობის მახლობლად აფეთქება მოხდა, ამ დროის მონაცამებით საელჩოს მახლობლად თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.
ცნობილია, რომ მოკლულია რუსეთის დიპლომატიური მისიის 2 თანამშრომელი, ჯამურად დაღუპულთა რიცხვი კი დაუზუსტებელი ინფორმაციით 8-დან 15-მდე მერყეობს.
მომხდარს ტერაქტი უწოდა ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
თვითმხილველები Reuters-თან საუბარში ამბობენ, რომ თვითმკვლელი ტერორისტი რუსეთის საელჩოს შენობას უახლოვდებოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს დაცვის თანამშრომლებმა, ხოლო რამდენიმე წამში აფეთქება მოხდა.
რუსეთი იმ მცირე სახელმწიფოებს შორისაა, რომლებსაც ქაბულში საელჩოს მუშაობა თალიბების ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგაც არ შეუჩერებიათ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოფიციალურად არ აღიარებს თალიბების მთავრობას, მათ შორის ხშირია პირდაპირი კომუნიკაცია და ვიზიტები.