Reuters: ირანი რუსეთს მოსალოდნელ დიდ ტერაქტზე აფრთხილებდა

გამომცემლობა Reuters-ი, თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, თეირანმა მოსკოვს შესაძლო ტერორისტულ ოპერაციაზე საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა.

3 იანვარს, ირანის ქალაქ ქერმანში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ვილაიეთმა“ ტერორისტული თავდასხმა მოაწყო. 19 იანვარს, ირანის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერაქტთან კავშირში მყოფი 35 პირი დააკავა, მათ შორის, „ხორასნის ვილაიეთის“ მეთაური.

გამოცემის მიხედვით, თეირანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეიცავდა ინფორმაციას თავდასხმის დროსა და სამიზნეზე. ირანში დაკავებული ერთ-ერთი ტერორისტის დაკითხვის დროს გაირკვა, რომ ჯგუფს მისცეს ინსტრუქცია მოემზადებინათ მასშტაბური ტერაქტი რუსეთში და ისინი უკვე რუსეთში იმყოფებოდნენ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ოფიციალური კრემლი, ისევე, როგორც, თეთრი სახლი, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთსა და ირანში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების უკან ISIS-K-ის ტაჯიკი მებრძოლები იდგნენ. ბოლო წლების განმავლობაში ტერორისტული ორგანიზაცია ტაჯიკეთის მოსახლეობის აქტიური რეკრუტირებითაა დაკავებული.

კონტექსტი

22 მარტს, მოსკოვთან ახლოს, კროკუს სითი ჰოლში ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რასაც, 144 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოგვიანებით ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ვილაიეთმა“ აიღო.

ამავე ორგანიზაციას უკავშირდება აფეთქებები 2024 წლის 3 იანვარს, ირანის ქალაქ ქერმანში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მეოთხე წლისთავისთვის მიძღვნილ ცერემონიალზე. თავდასხმას ასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები