Reuters: აშშ უკრაინას HIMARS-ის კიდევ 4 დანადგარს გადასცემს

უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტში, სხვა სისტემებთან ერთად HIMARS-ის 4 ახალი დანადგარიც შევა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პენტაგონი ახალი დახმარების პაკეტის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს და მისი ღირებულება 625 მილიონი დოლარი იქნება. 

მაღალი ალბათობით ახალი დახმარება აშშ-ს პრეზიდენტის საგანგებო განკარგულების აქტის ფარგლებში გამოიცემა, რომელიც პრეზიდენტს აძლევს უფლებას კონგრესის ნებართვის გარეშე იმოქმედოს. 

ახალ პაკეტში HIMARS-ებთან ერთად შევა MRAP-ის ტიპის ნაღმსაწინააღმდეგო ჯავშანტრანსპორტი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა. 

სააგენტოს ცნობით, ტექნიკას უკრაინა უკვე დეკემბრის დასაწყისში მიიღებს. 

გასულ კვირას აშშ-მ უკრაინისთვის განკუთვნილი ახალი 1.1 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელშიც ყველაფერთან ერთად 16 HIMARS-იც შევიდა.

აღნიშნული პაკეტი USAI-ის ფარგლებში გამოიყო, რომლის ფარგლებშიც უკრაინისთვის საჭირო სპეციალურ ტექნიკას ადმინისტრაცია მწარმოებლებს უკვეთავს და მისი მიწოდებისთვის რამდენიმე თვეა საჭირო. 

სხვადასხვა მონაცემებით ამ დროისთვის უკრაინის განკარგულებაში 26 დასავლური რეაქტიული ცეცხლის სისტემაა, მათ შორის 16 HIMARS და 10 შედარებით ძველი და მუხლუხოვანი, მაგრამ ფუნქციურად იგივე M270 ტიპის დანადგარი. 

ომის დაწყებიდან ამ დრომდე აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილმა სამხედრო დახმარების მოცულობამ 16 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები