Reuters: გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას 4 მილიარდ ევრომდე დაიყვანს

გამოცემა Reuters-ის თანახმად, გერმანია, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უკრაინის სამხედრო დახმარებას გაანახევრებს. ბიუჯეტის კომპრომისული ვარიანტი ოთხშაბათს უნდა დამტკიცდეს.

თუკი 2024 წელს უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება 8 მილიარდ ევროს შეადგენდა, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ის 4 მილიარდი ევრო (4.35 მლრდ დოლარი) იქნება.

გამოცემის თანახმად, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კირსტიან ლინდნერი საუბრობდა ხარჯვითი ნაწილის შეზღუდვის აუცილებლობაზე და, მიზეზად, კოვიდ პანდემიის პერიოდსა და ენერგეტიკული კრიზისის დროს ისედაც გაზრდილი ხარჯები მოჰყავდა.

Reuters-ის მიხედვით, გერმანიის მთავრობა იმედოვნებს, რომ უკრაინის სამხედრო საჭიროებები, 50 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსული ფულით დაკმაყოფილდება.

გერმანიის შეიარაღებული ძალების მარაგები, რომლებიც მთავრობის მხრიდან დაუფინანსებლობისა გამო ისედაც დანაკლისს განიცდიდა, კიდევ უფრო ამოიწურა კიევისთვის იარაღის მიწოდებით. ამ მომენტისთვის ბერლინმა კიევს Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის 3 ბატარეა გადასცა, რაც ყველაზე მეტია სხვა პარტნიორებთან შედარებით.

გარდა ამისა, გერმანია უკრაინას აქტიურად ამარაგებს სხვადასხვა ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, ტანკებით, ბრონირებული მანქანებითა და აღჭურვილობა/ამუნიციით.

 

მსგავსი სიახლეები