Reuters: იტალია მზად არის უკრაინას ანტი-საჰაერო სისტემები გადასცეს

იტალია მზად არის, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში, უკრაინას ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს. 

ამ ინფორმაციას, იტალიის მმართველ კოალიციაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს

საუბარია, იტალიურ-ფრანგული წარმოების SAMP/T-ისა Aspide-ს საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის გამოყოფა იგეგემება და როდის მოხერხდება მისი უკრაინისთვის გადაცემა. 

ცოტა ხნის წინ, თავდაცვის ახალი მინისტრი, გუიდო კროშეტო თავის ამერიკელ კოლეგას, ლლოიდ ოსტინს ესაუბრა და განუცხადა, რომ იტალია მზად არის, დაეხმაროს უკრაინას იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება. 

კონტექსტი

უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი იტალიამ თებერვლის ბოლოს, რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში დაამტკიცა, როდესაც პრემიერის პოსტს მარიო დრაგი იკავებდა. 

დრაგის მთავრობის დაშლის შემდეგ გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, ჯიორჯა მელონის იტალიის ძმების ლიდერობით მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა. ახალ კოალიციაში მელონის პარტიასთან ერთად, მატეო სალვინის ლიგა და სილვიო ბერლუსკონის ფორცა იტალიაც შედიან. 

წარსულში პუტინთან ახლო ურთიერთობების და ღია სიმპატიების მქონე კოალიციური პარტნიორებისგან განსხვავებით, ჯორჯა მელონი ღიად პრო-უკრაინულ პოზიციას იკავებს და ქვეყანას მხარდაჭერას აღუთქვამს. 

იტალიის მხრიდან უკრაინისთვის განკუთვნილ ახალ სამხედრო დახმარების პაკეტზე საუბარი გასულ დღეებში გააქტიურდა, თუმცა ჯერჯერობით კვლავაც უცნობია, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად.  

მსგავსი სიახლეები