რიგაში "სპუტნიკ ლატვიის" მთავარი რედაქტორი დააკავეს
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ კრემლის პროპაგანდისტულ რესურსთან ევროკავშირის სანქციების ქვეშ თანამშრომლობისთვის ლატვიის მოქალაქე დააკავეს. უწყება დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ეს არის მარატ კასემი, "სპუტნიკ ლატვიის" მთავარი რედაქტორი.
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, რომ კასემის საქმიანობას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ. "სპუტნიკი" რუსულმა მედია ჯგუფმა "Россия сегодня"-მ დააარსა. მასში ასევე შედის ცნობილი პროპაგანდისტული არხი RT (ყოფილი Russia Today).
სამსახური აღნიშნავს, რომ ეს მედიასაშუალება კრემლის ინტერესების შესაბამისად ავრცელებს ინფორმაციას, მათ შორის ისეთს, რომელიც რეგულარულად ახდენს ლატვიისა და მისი მოკავშირე ქვეყნების დისკრედიტაციას. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ეს პროპაგანდისტული რესურსი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამართლებისთვის დაბლოკეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ კასემის წინააღმდეგ გამოძიება ევროკავშირის სანქციების შესაძლო დარღვევისთვის მიმდინარეობს. სანქციების დარღვევის გარდა, მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშიც ედება ბრალი, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.