რობ ბაუერი უკრაინის დასახმარებლად მოკავშირეებს ქმედებების შეცვლისკენ მოუწოდებს
ნატოს უმაღლესი სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის აზრით, მოკავშირეებმა გადარჩენისთვის მებრძოლი უკრაინის დასახმარებლად რადიკალურად უნდა შეცვალონ საკუთარი ქმედებები. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი საბჭოს შეხვედრაზე, მან განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის დასაბუთების პარალელურად, დღის წესრიგში დემოკრატიასთან დაკავშირებული საფრთხეები დგას.
მისი ხედვით, იმ ეპოქიდან, რომელშიც ყველაფერი კარგად დაგეგმილი, განჭვრეტადი და კონტროლირებადი იყო, გადაწყობა უნდა მოხდეს იმ ეპოქაზე, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს.
ნატო-ს უმაღლესი ოფიცრები დეტალურად განიხილავენ გეგმებს, რომლებიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების ჩატარებას ეხება და მიზანი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სიძლიერისა და მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩვენებაა.
ადმირალ რობ ბაუერის განცხადებით, რუსეთმა ეს ომი არ წამოიწყო იმიტომ, რომ უკრაინის, ან ნატო-ს მხრიდან საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეულ გამოწვევას ხედავდა. მან ომი დაიწყო რაღაც უფრო დიდის და ძლიერის, დემოკრატიის გავრცელების, შიშით. მოსკოვის ხედვით, თუ უკრაინაში ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ დემოკრატიული ღირებულებები და უფლებები, მაშინ რუსეთშიც მალე მოისურვებენ იგივეს. ამას გარდა, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას.
„დღეს იმ ომის 693-ე დღეა, რომელიც რუსეთის აზრით, სამ დღეში დასრულდებოდა. უკრაინას ექნება ჩვენი მხარდაჭერა ყოველი შემდეგი დღისთვის, რადგან ამ ომის შედეგი განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს“, - ადმირალი რობ ბაუერი.