რუს პოლიტიკოსს ომის დაგმობისთვის 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის საკრებულოს წევრს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოსვლისთვის. ის პირველი ადამიანია, ვისაც ახალი კანონით პატიმრობა მიესაჯა.
60 წლის ალექსეი გორინოვი აპრილში მას შემდეგ დააკავეს, რაც საკრებულოს სხდომაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააკრიტიკა.
ომის შემდეგ მიღებული კანონის მიხედვით, ვინც სამხედროების შესახებ "ყალბ ამბებს" გაავრცელებს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რუსებს ინტერვენციის აღსაწერად სიტყვა "ომის" გამოყენება ეკრძალებათ.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანაცვლოდ ფრაზა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" გამოიგონა, თუმცა ხუთშაბათს პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეებთან საუბრისას მან "დონბასში ომი" ახსენა.
რუსმა უფლებადამცველმა პაველ ჩიკოვმა თქვა, რომ გორინოვის სასჯელი ახალი კანონის მიხედვით პირველი პატიმრობაა. აქამდე მოსამართლეებმა მსჯავრდებულებს მხოლოდ ჯარიმა ან პირობითი სასჯელი გამოუტანეს.
მოსამართლე ოლესია მენდელეევამ დაადგინა, რომ გორინოვმა დანაშაული "პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე" ჩაიდინა და "შეცდომაში შეჰყავდა" რუსები, რის გამოც ისინი "გრძნობდნენ შფოთვას და შიშს" სამხედრო კამპანიის გამო.
ოპოზიციონერი დეპუტატი აპრილის ბოლოს დააკავეს, ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, რაც მან სიტყვით მიმართა ჩრდილო-აღმოსავლეთ მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონის საკრებულოს.
შეხვედრაზე გორინოვი საბავშვო ნახატების კონკურსის გამართვას აპროტესტებდა, როდესაც უკრაინაში ბავშვები იღუპებოდნენ. მან ასევე სცადა საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაეწყო დაღუპულების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად.