რუსეთის ავღანეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ატარებს
უახლოეს დღეებში რუსეთი უზბეკეთთან ერთობლივად ავღანეთის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
წვრთნები უზბეკეთში სურხანდარის რაიონში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ორივე ქვეყნის ჯამში 1 500 სამხედრო. წვრთნებში მონაწილეობას სხვადასხვა სპეციალიზაციის ნაწილები მიიღებენ, მათ შორის სპეციალური დანაყოფების რაზმები და ასევე სამშვიდობო შენაერთები.
წვრთნების ფარგლებში დამუშავებული იქნება ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დაცვის სცენარი. 5-10 აგვისტოს რუსეთი ასევე გეგმავს საერთო სამხედრო წვრთნების ჩატარებას ტაჯიკეთის და ავღანეთის საზღვარზე, რომელშიც რუსეთისა და უზბეკეთის გარდა მონაწილეობას მიიღებს ტაჯიკეთიც.
სამხედრო წვრთნები რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ამერიკული სამხედროების ავღანეთიდან გასვლის ფონზე ქვეყანაში თალიბანი გააქტიურდა და ტერიტორიული ექსპანსია დაიწყო.
ქვეყნის უმეტეს რაიონში ამ დრომდე მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, ავღანეთის ცენტრალურ მთავრობასა და თალიბანს შორის მიმდინარეობს სამშვიდობო მოლაპარაკებებიც, თუმცა მხარეები ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.
ერთადერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა თანხმობას მიაღწიეს მოლაპარაკებების გაგრძელებაა.
22 ივლისს თალიბანმა განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის ტერიტორიის 90%-ს აკონტროლებდნენ, მათ შორის საზღვარს ერაყთან, თურქმენეთთან, ტაჯიკეთთან და რაც მთავარია პაკისტანთან.