უზბეკეთი მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევაში რუსეთს ადანაშაულებს

უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ახორ ბურხანოვმა 11 ივნისს, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უზბეკეთი შეშფოთებულია რუსეთში მისი მოქალაქეების მიმართ "არასანქცირებული ჩხრეკის, უპატივცემულო და უხეში მოპყრობის" შესახებ გავრცელებული ინფორმაციით.

State Of Play: "ასეთი შემთხვევები არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და აუცილებელია კონკრეტული ზომების მიღება მათი პრევენციისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.

  • ბურხანოვის თქმით, რუსეთში უზბეკეთის საელჩომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა 8 ივნისს, მოსკოვში, მიგრანტებისთვის განკუთვნილ საერთო საცხოვრებელში რუსეთის სპეცრაზმის მიერ განხორციელებულ რეიდთან დაკავშირებით და მოითხოვა უზბეკეთის მოქალაქეების მიმართ რუსეთის უსაფრთხოების ძალების ქმედებების სამართლებრივი შეფასება.
  • ამავდროულად, საელჩომ განაცხადა, რომ "ეს ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევაა."
  • უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას "პრიორიტეტად" მიიჩნევს და დააკონკრეტა, რომ მოსკოვში უზბეკეთის საელჩოც ამ მიმართულებით მუშაობს: "უზბეკეთი ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ საერთაშორისო სამართლისა და ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა."

Big Picture: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უზბეკეთის საელჩოსგან ნოტის მიღება და განაცხადა, რომ ის "ყურადღებით განიხილება."

  • სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები "მოკავშირეობრივი და სტრატეგიული ხასიათისაა" და "ორმხრივი დღის წესრიგის ყველა საკითხი ამ მიდგომის გათვალისწინებით წყდება."
  • რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა განაცხადა: "ქუჩებში ან საცხოვრებელ უბნებში არ უნდა იყვნენ არალეგალი მიგრანტები."
  • "ვინც სამსახური დაკარგა, უნივერსიტეტიდან გარიცხეს, თითის ანაბეჭდი არ აუღიათ, ენას არ სწავლობენ და რუსული საზოგადოებისთვის უსარგებლონი არიან, ჩვენი ქვეყანა უნდა დატოვონ." - აღნიშნა კოლოკოლცევმა. 

მსგავსი სიახლეები