რუსეთი აცხადებს, რომ 27 HIMARS "გაანადგურა", უკრაინას 20 ასეთი სისტემა აქვს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ 3 იანვარს Telegram-ზე განაცხადა, რომ კიდევ ოთხი სარაკეტო სისტემა HIMARS "გაანადგურეს."

საპასუხოდ, უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო "რია მელიტოპოლმა" და უკრაინელმა ბლოგერმა რომან შრაიკმა Telegram-ზე აღნიშნეს, რომ რუსეთის არმიამ უფრო მეტი HIMARS-ის "განადგურება" შეძლო, ვიდრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა.

ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ HIMARS-ის ორი სისტემა დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკაზე თავდასხმის შედეგად განადგურდა და კიდევ ორი - დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე.

ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშებში "განადგურებული" HIMARS-ის სისტემების საერთო რაოდენობამ 27 ერთეულს მიაღწია, ხოლო ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინას მხოლოდ 20 ასეთი სარაკეტო სისტემა გადაეცა.

შრაიკმა ყურადღება გაამახვილა იმ გაზვიადებულ ციფრებზეც, რასაც რუსები სხვა უკრაინული ტექნიკის განადგურების დასტურად აქვეყნებენ.

"პირველი სურათი ისაა, რომ რუსებმა ჩვენი 20 HIMARS-დან 27 "გაანადგურეს", მეორე კიდევ უფრო სასაცილოა. ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიოს მეორე არმია უკრაინულია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უკვე "გაგვინადგურდა" 7,382 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 967 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სიტემა, 3,768 ერთეული არტილერია, 355 თვითმფრინავი, 199 ვერტმფრენი, 399 საჰაერო თავდაცვის სისტემა და ამ ფონზე, რეზერვში კვლავ ყველაფერი გვაქვს." - წერს ბლოგერი.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რუსების მიერ გავრცელებული მონაცემებთანმიახლოვებული რაოდენობის ტექნიკაც არ ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები