რუსეთი ფასების ჭერის საპასუხოდ, ნავთობის წარმოებას შეამცირებს

რუსეთი მარტში, ნავთობის მოპოვების დღეში 500 ათასი ბარელით შემცირებას გეგმავს. ეს დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინში აგრესიის გამო, რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვაზე პასუხია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა 10 თებერვალს განუცხადა.

"დღეს ჩვენ სრულად ვყიდით წარმოებული ნავთობის მთელ მოცულობას, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნავთობს არ მივყიდით მათ, ვინც პირდაპირ ან ირიბად იცავს "ფასის ჭერის" პრინციპებს", - ციტირებენ რუსული საინფორმაციო სააგენტოები ნოვაკს.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი მარტში ნებაყოფლობით შეამცირებს წარმოებას დღეში 500 000 ბარელით, რათა დაეხმაროს საბაზრო ურთიერთობების აღდგენას.

ნოვაკის თქმით, გადაწყვეტილება რუსეთში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ ნებაყოფლობით, საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე მიიღეს.

ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტების კითხვას, განიხილა თუ არა მოსკოვმა პარტნიორებთან მარტის გეგმები, უპასუხა: "იყო საუბარი OPEC+ -ის რამდენიმე ქვეყანასთან."

ნოვაკის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. Brent-ის ნავთობის აპრილის ფიუჩერსების ღირებულება ლონდონის ICE ბირჟაზე პარასკევს, მოსკოვის დროით 15:00 საათისთვის 86.38 დოლარი იყო ბარელზე, რაც 2.2%-ით მეტია წინა სესიის დახურვის ფასზე. 

5 დეკემბერს ევროკავშირის, G7-ის ქვეყნების და ავსტრალიის მიერ შემოღებული რუსული ნავთობის ფასის ჭერი ამოქმედდა, რაც 60 დოლარს შეადგენს. 

მსგავსი სიახლეები