რუსეთი უკრაინას არარსებულ ქიმიურ საწარმოზე პროვოკაციაში ადანაშაულებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის მახლობლად მდებარე ქიმიურ ქარხანაში პროვოკაციებს ამზადებენ, თუმცა ეს ქარხანა უკვე წლებია აღარ არსებობს.
"დადასტურებული ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკში უკრაინის სპეცსამსახურები მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით მსხვილ პროვოკაციებს ამზადებენ. საწარმო ხიმპრომის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დანაღმეს საწყობი, რომელზეც 120 ტონა ქლორი ინახება. უკრაინელები ამ საწყობის აფეთქებას და შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის გადაბრალებას გეგმავენ", - განაცხადა იგორ კონაშენკოვმა გუშინდელ ბრიფინგზე.
ზოგ რუკაზე ქიმიური საწარმო ხიმპრომი მართლაც დატანილია, ჩანს საწარმოსთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზებიც, საუბარია ძირითადად ძველ რუკებზე. ჯერ კიდევ 2012 წელს უკრაინული პრესა წერდა:
"უახლოეს მომავალში ლიკვიდირებული იქნება უკრაინის ერთ დროს ერთ-ერთი უმსხვილესი ქიმიური საწარმო ხიმპრომი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საწარმოს მუშაობის აღდგენა უბრალოდ შეუძლებელია. უახლოეს მომავალში ხიმპრომი დაიკარგება უკრაინის ქიმიური ინდუსტრიის რუკიდან."
უკვე წლებია საწარმო დახურულია, საამქროების შენობები კი დანგრეული, დაშლილია ლიანდაგებიც. უკრაინულ ინტერნეტ სივრცეში მოიპოვება 2013 წელს გადაღებული ვიდეო კადრები, რომელზეც ჩანს კომპლექსის მთავარი შენობის აფეთქების პროცესი.
ამ ადგილის სატელიტური ფოტოები დღეს შემდეგნაირად გამოიყურება
წყარო: Insider