რუსეთის გარეშე - ერ-რიადი უკრაინის მიერ ორგანიზებულ მსხვილ სამიტს უმასპინძლებს

საუდის არაბეთი უკრაინის მიერ ორგანიზებულ მსხვილ სამიტს უმასპინძლებს, რომელიც მიმდინარე ომის დასრულების გზების ძიებას მიეძღვნება. სამიტზე არ მიიწვენენ რუსეთის წარმომადგენლებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Asociated Press ავრცელებს. მანამდე მსგავსი სამიტის მომზადების გეგმებზე წერდა Wall Street Journal. 

საინფორმაციო სააგენტოს წყაროს ცნობით, სამიტი აგვისტოში ქალაქ ჯედაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას ძირითადად ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნები მიიღებენ. 

საუდიელი მაღალჩინოსნის თქმით, სამიტს დაესწრებიან ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის და კიდევ 30-მდე სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები. მოსალოდნელია, რომ სამიტს დაესწრება ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელიც. 

სამიტის ორგანიზება კიევის მეთვალყურეობით მიმდინარეობს და რუსეთი მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს - აღნიშნავს წყარო. Wall Street Journal-ის ინფორმაციით სამიტი 5-6 აგვისტოს გაიმართება. 

საუდის არაბეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაამყარა კავშირები რუსეთთან, თუმცა მაინც დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას ატარებს. ქვეყნის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ "ნეიტრალური" პოზიციის წყალობით საუდის არაბეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შეთანხმებაში. 

მაისში არაბული ლიგის სხდომაზე, რომელზეც ვოლოდიმირ ზელენსკიც იყო მიწვეული საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამად ბინ სალმანმა განაცხდა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს სამშვიდობო ინიციატივებს და მზად არის შუამავლის ფუნქციაც იკისროს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები