რუსეთის საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში მეცხრე კვირაა მცირდება

გასულ კვირას რუსეთის არმიის წინსვლის ტემპის კლება გაგრძელდა - 3-დან 9 თებერვლამდე პერიოდში საოკუპაციო არმიამ უკრაინაში დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, რაც გასული წლის ივნისის შემდეგ, წინსვლის ყველაზე დაბალი ყოველკვირეული ტემპია. 

ამის შესახებ ცნობილი უკრაინული OSINT პროექტის, Deep State-ის მონაცემების ანალიზიდან ხდება ცნობილი. 

გასულ კვირას წინსვლის ყველაზე მაღალი ტემპი რუსეთს ჩრდილოეთ ფრონტზე, ქალაქ კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით ჰქონდა - დაახლოებით 11.5 კვადრატული კილომეტრი. კიდევ დაახლოებით 5 კვადრატული კილომეტრი რუსეთმა ქალაქ ჩასოვ იარში დაიკავა, დაახლოებით 0.7 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა რუსეთის არმიამ კურსკის ოლქში. 

კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ დრომდე დაახლოებით 430 კვადტარულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებენ, რაც პიკური მაჩვენებლის 40%-ია. 

გასულ პარასკევს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ ტორეცკის სრული დაკავების შესახებ გამოაცხადა, თუმცა ამერიკული და დამოუკიდებელი წყაროები ცნობებს არ ადასტურებენ - ქალაქის ნაწილი ამ დრომდე უკრაინული არმიის კონტროლქვეშ რჩება. 

რუსეთის არმიის წინსვლის კლების ტემპი უკვე მესამე თვეა გრძელდება - კლების ტენდენცია თავდაპირველად დეკემბერში გამოვლინდა, შემდეგ კი იანვარშიც გაგრძელდა - სამხედრო ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ წინსვლის ტემპის კლება საკმარისად დიდი ხანია გრძელდება იმისთვის, რომ ამის ასახსენელად რუსეთის არმიის სისტემური პრობლემები დასახელდეს - ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის ნაკლებობა, ასევე მომზადებისა და წვრთნის დაბალი დონე. 

მსგავსი სიახლეები